logo
ENG



საგარეო უწყება ბჟანიას განცხადებაზე მუდმივ ბაზასთან დაკავშირებით "შეშფოთებას გამოთქვამს"

05 ოქტ 202314:07
3 წუთის საკითხავი
 
საგარეო უწყება ბჟანიას განცხადებაზე მუდმივ ბაზასთან დაკავშირებით "შეშფოთებას გამოთქვამს"

საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ "მსგავსი ქმედებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას" წარმოადგენს.

"შეშფოთებას გამოთქვამთ სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი სამხედრო ბაზის განლაგების და რუსეთის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ.

მსგავსი ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისაკენ მიმართულ მორიგ პროვოკაციულ მცდელობას.

საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაცია", - აცხადებენ საგარეოში.

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს. შესაბამისი განცხადება ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემა იზვესტიასტან ინტერვიუში გააკეთა. ბჟანიას თქმით, რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს.


close დახურვა